საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Category: სტუდენტური

  • საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

    სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტის პროფესორის ერთკვირიანი ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში

    Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფიზიოლოგიის დოქტორ სეიდ ჰოუტან შაჰიდის ერთკვირიანი ვიზიტი გრძელდება.

    ვიზიტის ფარგლებში, 4 თებერვალს, პროფესორმა შაჰიდმა უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე: „წვრთნის შეფასება, შესრულების ტესტირება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წვრთნა“. მომხსენებელმა აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი კვლევის შედეგები და ისაუბრა სპორტული მეცნიერების თანამედროვე მიდგომებზე. სტუდენტებმა გამოხატეს დიდი ინტერესი მსგავსი აქტივობების მიმართ, და შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სუტენდებმა ასევე გამოიჩინეს ინიციატივა საერთაშორისო სტუმრებთან ამ ფორმატში შეხვედრის თაობაზე.

    პროფესორმა უკვე გამართა ოფიციალური შეხვედრა უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან, სადაც მხარეებმა აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. სეიდ ჰოუტან შაჰიდი სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სპორტული შესრულების ლაბორატორიას და კოორდინაციას უწევს კვლევით განვითარებას.

  • ღია ლექცია სტუდენტებისთვის

    ღია ლექცია სტუდენტებისთვის

    სტამბულის გედიკის უნივერსიტეტის პროფესორი, სეიდ ჰუთან შაჰიდი, ატარებს ლექციას თემაზე:

    “Training Assessment, Performance Testing, and Evidence-Based Training Prescription”

    გაიგეთ მეტი სპორტული შედეგების შეფასებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წვრთნის თანამედროვე მეთოდებზე. ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

    📅 თარიღი 4 თებერვალი
    ⏰ დრო 11:00 საათი
    📍 ლოკაცია ე.ნინოშვილის ქ. 55 (სპორტის უნივერსიტეტი, მე-5 სართული, საკონფერენციო დარბაზი)
    🗣️ ენა ინგლისური
    ✅ დასწრება თავისუფალია! არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ ცოდნა საერთაშორისო დონის ექსპერტისგან
  • 2025-2026 სასწავლო წლის შიდა მობილობა

    2025-2026 სასწავლო წლის შიდა მობილობა

    ყურადღება!

    2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

    შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ განაცხადის გაკეთების ვადა –

    16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით

    „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო და „ფიტნესი და ჯანმრთელობის“ პროგრამებზე მობილობის შემთხვევაში შიდა სპორტული ტური ჩატარდება 24 თებერვალს;

    სპორტულ ტურთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: მარიამ პაპიაშვილი 557 32 80 89

    სტუდენტების თანხმობის ან უარის წერილობითი დადასტურება არაუგვიანეს 2026 წლის 26 თებერვლისა;

    გაითვალისწინეთ: 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და შემდგომ ჩარიცხული პირებისათვის, შიდა მობილობით სარგებლობისთვის ჩაბარებული უნდა გქონდეთ შემდეგი საგნები:

    • ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – მესამე საგანი: ისტორია ან მათემატიკა;
    • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირი ვალდებულია ჩაბარებული ჰქონდეს ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა, ბიოლოგია და მათემატიკა ან ფიზიკა ან ქიმია.

    ფიზიკური აღზრდა და სპორტი; ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტი;

    nino.dzagania@sportuni.ge
    ნინო ძაგანია
    574 92 73 73

    „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“; „ფიტნესი და ჯანმრთელობა“

    ketevan.beridze@sportuni.ge
    ქეთევან ბერიძე
    593 300 400

  • სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს გაზაფხულის სემეტრის გარე მობილობას

    სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს გაზაფხულის სემეტრის გარე მობილობას

    სპორტის უნივერსიტეტის 2025 – 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობა

    სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას საბაკალავრო პროგრამებზე:

    ბაკალავრი:

    1. ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი);
    2. ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტი;
    3. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;
    4. ფიტნესი და ჯანმრთელობა.

    მაგისტრატურა:

    1. ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი);
    2. სპორტის მენეჯმენტი;
    3. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;

    მობილობის ეტაპები:

    • 2026 წლის 28 იანვრიდან – 11 თებერვლის 18:00 საათამდე – მობილობის წესით ჩარიცხულ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა;
    • 2026 წლის 13 თებერვლიდან – 19 თებერვლის 17:00 საათამდე – მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა;
    • 2026 წლის 13 თებერვლიდან – 19 თებერვლის ჩათვლით – სტუდენტების აღიარებული კრედიტების თაობაზე თანხმობის ან უარის წერილობითი დადასტურება;
    • 2026 წლის 26 თებერვლიდან – 5 მარტის ჩათვლით – ჩარიცხული სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია;

    „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)“ და „ფიტნესი და ჯანმრთელობა“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირი ვალდებულია 2026 წლის 28 იანვრიდან 3 თებერვლის 16:00 საათის ჩათვლით გაიაროს რეგისტრაცია სპორტულ ტურზე მონაწილეობის მიღების მიზნით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ, მე-2 სართული.

    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

    1. სპორტულ ტურზე რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
      • სარეგისტრაციო ანკეტა (ივსება უნივერსიტეტში);
      • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი;
      • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);
      • 1 ფოტოსურათი (ზომა 3×4), რომლებიც CD-ის დისკზეც უნდა იყოს ჩაწერილი;
      • მისაღებ სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დანიშნულებაში სტუდენტის პირადი ნომრის, სახელის და გვარის მითითებით.
      • სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულებაში აღნიშვნის – „სპორტული ტური“, სტუდენტის პირადი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით. თანხის შეტანა ხდება სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე: 709 027 519
    2. სპორტული ტური ჩატარდება 2026 წლის 4 თებერვალს 14:00 საათზე (მხოლოდ “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)” და “ფიტნესი და ჯანმრთელობა” ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთათვის. მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ა, კალათბურთის აკადემიის დარბაზში/ვაკის საფეხბუროს ცენტრის სტადიონი);
      წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
      • ა) განცხადება;
      • ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი;
      • გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დიპლომის დანართი (მაგისტრატურის პროგრამის შემთხვევაში);
      • ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
      • ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
      • ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
      • თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანების ასლი;
      • ი) გამომშვებ უნივერსიტეტსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის სწავლების ენის განსხვავების დროს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა დაადასტუროს შესაბამისი ენობრივი კომპეტენცია.

    სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

    • ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
    • ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
    • გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
    • დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

    დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ:

    ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ, (ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა) მე-2 სართული.

    ხოლო პროგრამა: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ:

    ქ. თბილისი, ნინოშვილის 55, მე-2 სართული

    ყურადღება !!!

    „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)“ და „ფიტნესი და ჯანმრთელობა“ საბაკალავრო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველთათვის სპორტული (შიდა) ტურის გავლა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი ვერ მიიიღებს მობილობის პროცესში მონაწილეობას.

    სპორტულ ტურთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:

    557 328 089

    სპორტული ტური მოიცავს სამ ნორმატივს:

    • რბენა 100 მეტრზე;
    • ადგილიდან სიგრძეზე ხტომა;
    • ღერძზე მიზიდვა (ვაჟები) / მკლავების მოხრა-გამართვა (გოგონები);
    დამატებითი ინფორმაცია – https://lavenderblush-dugong-348830.hostingersite.com/chvens-shesakheb/samarthlebrivi-akhtebi/saganmanathleblo-program/

    ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირი ვალდებულია ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ჰქონდეს:

    • ქართული ენა და ლიტერატურა;
    • უცხო ენა;
    • ბიოლოგია;
    • მათემატიკა ან ფიზიკა ან ქიმია;

    ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირს – მესამე საგანი ისტორია ან მათემატიკა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული;

    მობილობის მსურველმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე:

    პროგრამებისთვის: ფიზიკური აღზრდა და სპორტი ასევე ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ:

    ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.76 ბ, (ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა) მე-2 სართული.

    საკონტაქტო ინფორმაცია: nino.dzagania@sportuni.ge

    ნინო ძაგანია 574 92 73 73

    ხოლო პროგრამებისთვის: „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ და „ფიტნესი და ჯანმრთელობა“ დოკუმენტაცია:

    ქ. თბილისი, ნინოშვილის 55, მე-2 სართული

    საკონტაქტო ინფორმაცია: phmrfaculty@sportuni.ge

    ketevan.beridze@sportuni.ge ქეთევან ბერიძე 593 300 400

  • ვორკშოპი: „ევროკავშირის სპორტის ინდუსტრიის ტენდენციები: შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე“

    ვორკშოპი: „ევროკავშირის სპორტის ინდუსტრიის ტენდენციები: შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე“

    სპიკერი: კრის ჰელერი

    სპიკერი: კრის ჰელერი – საერთაშორისო ბიზნესკონსულტანტი, Premium Success s.r.o.-ის დამფუძნებელი და IMPULS Consulting EWIV-ის წევრი. ის ბიზნესებს ეხმარება ევროკავშირში ბიზნესის დაარსებასა და გაფართოებაში.

    შეხვედრაზე განვიხილავთ შემდეგ თემებს:

    • ქალთა სპორტის ზრდა და კომერციალიზაცია ევროკავშირში
    • ციფრული ტრანსფორმაცია სპორტულ ბიზნესში
    • სპორტული ტექნოლოგიები და ინოვაციები ევროკავშირში.
    • სპორტული ტექნოლოგიები და ინოვაციები ევროკავშირში.
    • სპორტ-ტექ სტარტაპების ზრდა სპორტში უფრო მეტი ტექნოლოგიური ჩართულობა
    • რეგულატორული და სამართლებრივი განვითარება, მათ შორის სპორტული ფსონების დადების რეგულაციები.
    • ევროკავშირში იზრდება რეგულაციები დოპინგის, სპორტული ფსონებისა და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით.
    თარიღი: 26 იანვარი
    დრო: 19:00
    მისამართი: ე.ნინოშვილის ქუჩა N55
  • ანტიკური ოლიმპიური თამაშები

    ანტიკური ოლიმპიური თამაშები

    ანტიკური ოლიმპიური თამაშები კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კულტურული, რელიგიური და სპორტული ფენომენია. ისინი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპორტული შეჯიბრებებით, არამედ წარმოადგენდა ძველი ბერძნების მსოფლმხედველობის, ღმერთებისადმი დამოკიდებულებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან გამოხატულებას.

    მეცნიერთა უმრავლესობა ანტიკური ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ დასაწყისად მიიჩნევს ძვ. წ. 776 წელს, როდესაც პირველად დაფიქსირდა გამარჯვებული ათლეტის სახელი – ელიდელი კოროიბოსი, რომელმაც ერთ სტადიაზე სირბილში გაიმარჯვა.

    ძველბერძნული ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა ოლიმპიაში, კრონოსის მთის ძირას, მდინარე ალფეიოსის ველზე, პელოპონესის ნახევარკუნძულზე. ოლიმპიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა წმინდა ჭალა – ალტისი, სადაც განლაგებული იყო ძირითადი საკულტო და სპორტული ნაგებობების ფართო კომპლექსი: პალესტრა, გიმნაზია, სტადიონი, იპოდრომი, აბანოები, საცხოვრებელი და დამხმარე ინფრასტრუქტურა.

    თამაშები ეძღვნებოდა ღმერთების უზენაეს ღვთაებას – ზევსს და მათი ჩატარება რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. ოლიმპიაში აღმართული იყო ზევსის ტაძარი, რომელშიც განთავსებული იყო ფიდიასის მიერ შექმნილი ზევსის გრანდიოზული ქანდაკება – ანტიკური მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი.

    შეჯიბრებების პარალელურად ტარდებოდა რიტუალური მსხვერპლშეწირვები, საზეიმო პროცესები და ლოცვები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ასკეტიკურ მომზადებასა და ფიცის დადებას ზევსის წინაშე, რაც სპორტსმენთა ქცევის ეთიკურ და რელიგიურ რეგულაციას უზრუნველყოფდა.

    ოლიმპიური თამაშების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური მონაპოვარი იყო „წმინდა ზავი“ ანუ ეკეხეირია. ლეგენდის თანახმად, ეს ტრადიცია ელიდის მეფე იფიტესა და სპარტის კანონმდებელ ლიკურგეს შორის დადებული ხელშეკრულებით დამკვიდრდა. ისტორიკოსი პავსანია ადასტურებს (Pausanias. (1918, Miller, 2004)), რომ ამ ხელშეკრულების ტექსტი სპილენძის დისკოზე იყო ამოტვიფრული და ოლიმპიაში ინახებოდა.

    „წმინდა ზავის“ გამოცხადება გულისხმობდა სამხედრო მოქმედებების დროებით შეწყვეტას და ოლიმპიაში მიმავალი გზების ხელშეუხებლობას. ის წარმოადგენდა რელიგიური ნორმის სამართლებრივ და სოციალურ პროექციას, რომელიც უზრუნველყოფდა თამაშების უწყვეტობასა და პანელინურ ხასიათს.

    ანტიკური ოლიმპიური თამაშები 1170 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე არენაზე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა. ეს ოთხწლიანი პერიოდი „ოლიმპიადის“ სახელით გახდა ცნობილი და წელთაღრიცხვის სისტემადაც კი იქცა.

    ოლიმპიადაზე მონაწილეობის კრიტერიუმები მკაცრად იყო რეგლამენტირებული: თამაშებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ თავისუფალ ბერძენ მამაკაცებს. ქალებს ეკრძალებოდათ როგორც მონაწილეობის მიღება, ისე სტადიონზე დასწრებაც.

    ანტიკურ ოლიმპიადებზე არ არსებობდა მეორე ან მესამე ადგილი, გამარჯვებული მხოლოდ ერთი იყო. მისი ჯილდო წმინდა ზეთისხილის ტოტი გახლდათ, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა ღირსებასა და დიდებას.

    ანტიკური ოლიმპიური თამაშები ძვ. წ. 776 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვის 394 წლამდე 293-ჯერ ჩატარდა, რაც კაცობრიობის კულტურულ ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.

    დასკვნა. ანტიკური ოლიმპიური თამაშები წარმოადგენდა უნიკალურ სოციალურ-კულტურულ და რელიგიურ ფენომენს, რომელმაც განსაზღვრა ელინური სამყაროს იდენტობა და ღირებულებითი სისტემა.

    „წმინდა ზავის“ ტრადიცია და სამართლიანი შეჯიბრის პრინციპი კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად რჩება და ადასტურებს სპორტის გამაერთიანებელ პოტენციალს.

    ანტიკური ოლიმპიური თამაშების შესწავლა არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობისაა, არამედ თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ღრმა ფილოსოფიური და კულტურული საფუძვლების გააზრების საშუალებასაც იძლევა.

    გურამ ძაგანია
  • მსოფლიო ჩემპიონატების წარმოშობა სპორტში

    მსოფლიო ჩემპიონატების წარმოშობა სპორტში

    მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია სპორტის სხვადასხვა სახეობაში მჭიდროდ და განუყოფლად არის დაკავშირებული საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესთან. სპორტის ორგანიზებული ფორმით არსებობა და მისი ტრანსფორმაცია ლოკალური გასართობიდან გლობალურ მოვლენად საჭიროებდა ერთიანი წესების დანერგვას, შეჯიბრების მკაცრ სტანდარტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ მმართველ ორგანოებს, რომლებიც შეძლებდნენ სპორტის გლობალურ დონეზე მართვას და ლეგიტიმაციას. სწორედ ამ ფედერაციების ინიციატივით და ძალისხმევით ჩამოყალიბდა მსოფლიო ჩემპიონატების იდეა, როგორც უმაღლესი რანგის ტურნირი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები ავლენენ თავიანთ პროფესიულ შესაძლებლობებს.

    მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ოლიმპიური თამაშები სპორტის ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ფორუმად განიხილება, მათი სტრუქტურა გარკვეულწილად შეზღუდულია დროის ვიწრო ჩარჩოებითა და პროგრამაში შეტანილი სახეობების ლიმიტირებული რაოდენობით. ამ ობიექტურმა ფაქტორებმა განაპირობა მრავალი სპორტული დისციპლინის მისწრაფება, შეექმნათ საკუთარი, ავტონომიური მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც რეგულარულად ტარდება და სრულად არის ფოკუსირებული კონკრეტული სახეობის სპეციფიკასა და განვითარებაზე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სპორტის იმ სახეობებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ პროგრამაში არ შედიან ან იქ ნაკლებ ყურადღებას იღებენ.

    ოლიმპიურ თამაშებთან შედარებით, მსოფლიო ჩემპიონატებს რამდენიმე სტრატეგიული უპირატესობა გააჩნიათ, რაც პირველ ყოვლისა ვლინდება მონაწილეთა კვოტების მოქნილობაში. თუ ოლიმპიადაზე ქვეყნების წარმომადგენლობა მკაცრადაა ლიმიტირებული გეოგრაფიული ბალანსის დასაცავად, მსოფლიო ჩემპიონატებზე ხშირად ერთი ქვეყნიდან რამდენიმე უძლიერესი სპორტსმენის ასპარეზობაა შესაძლებელი, რაც კონკურენციას უფრო ინტენსიურს ხდის და გამარჯვებულის სტატუსს დამატებით წონას სძენს.

    გარდა ამისა, მრავალი ფედერაცია ჩემპიონატს ყოველ წელს ან ორ წელიწადში ერთხელ მართავს, რაც სპორტსმენს საშუალებას აძლევს ოპტიმალურად მართოს თავისი კარიერული პიკი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ოთხწლიან ოლიმპიურ ციკლზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიმპიზმი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ე.წ. „სამოყვარულო“ სპორტის ტყვეობაში, მაშინ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატები გაცილებით ადრე გახდა ღია პროფესიონალი ათლეტებისა და კომერციული ინტერესებისთვის, რამაც დააჩქარა სპორტის ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური პროგრესი.

    მსოფლიო ჩემპიონატების ჩამოყალიბება პირდაპირ კავშირშია XIX საუკუნის მეორე ნახევარში სპორტის ინსტიტუციონალიზაციის პროცესთან, როდესაც სხვადასხვა სახეობაში დამკვიდრდა რეგულარული წესები, ჩაისახა რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლები და დამკვიდრდა „მსოფლიო ჩემპიონის“ ტიტულის მინიჭების ტრადიცია.

    ამ რთულ ისტორიულ პროცესში პიონერის როლი ჭადრაკმა იტვირთა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ სპორტის ფიზიკური სახეობები მყარ საერთაშორისო სტრუქტურებად ჩამოყალიბდებოდნენ, 1886 წელს გაიმართა პირველი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ვილჰელმ სტეინიცსა და იოჰან ცუკერტორტს შორის. აღნიშნული პაექრობა ამერიკის შეერთებული შტატების სამ ქალაქში — ნიუ-იორკში, სენტ-ლუისსა და ნიუ-ორლეანში მიმდინარეობდა და დასრულდა სტეინიცის ტრიუმფით, რომელმაც ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია (FIDE) ჯერ კიდევ არ არსებობდა, სპორტის ისტორიკოსთა მიერ ეს მატჩი მიიჩნევა მსოფლიო პირველობების ათვლის წერტილად.

    პარალელურად, მსოფლიო ჩემპიონატების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაფიქსირდა ძალოსნობაშიც. 1891 წლის 28 მარტს ლონდონში ჩატარდა ტურნირი, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტაციაში პირველად ეწოდა „მსოფლიო ჩემპიონატი“. მასში ექვსი ქვეყნის შვიდი სპორტსმენი მონაწილეობდა, გამარჯვებული კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ედვარდ ლოურენს ლევი გახდა. სპორტულ ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენა ფუნდამენტურია, რადგან მან ფორმალურად დაამკვიდრა ტერმინოლოგია — „მსოფლიო ჩემპიონატი“, რომელიც შემდგომში გლობალურ სტანდარტად იქცა.

    ამავე პერიოდში, სისტემური მიდგომის თვალსაზრისით, გარდამტეხი ნაბიჯი გადაიდგა ფიგურულ ციგურაობაში. 1896 წლის 9 თებერვალს სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც გერმანელმა გილბერტ ფუქსმა გაიმარჯვა, გამოირჩეოდა უკვე არსებული საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვითა და მოგვიანებით საერთაშორისო ფედერაციის მიერ რეტროსპექტული აღიარებით. ამის გამო იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც პირველი სრულად სტრუქტურირებული მსოფლიო ფორუმი სპორტის ისტორიაში.

    ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატების ჩამოყალიბება წარმოადგენდა ევოლუციურ პროცესს: 1886 წელს ჭადრაკში დაფიქსირდა ყველაზე ადრეული პრეცედენტი, 1891 წელს ძალოსნობაში პირველად ფორმალურად დამკვიდრდა ტერმინი „მსოფლიო ჩემპიონატი“, ხოლო 1896 წელს ფიგურულ ციგურაობაში საფუძველი ჩაეყარა ფედერაციის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სისტემას.

    XX საუკუნის 30–40-იანი წლებიდან კი მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება სხვადასხვა სახეობაში ნაციონალური იდენტობის გამოხატვის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. 1930 წლის ურუგვაის მუნდიალმა საფუძველი ჩაუყარა გუნდური სახეობების გლობალურ პოპულარიზაციას, რასაც მოჰყვა სისტემატური ჩემპიონატები ხელბურთში (1938), ფრენბურთში (1949), კალათბურთში (1950), წყალბურთსა (1973) და რაგბიში (1987). ყოველი ახალი ტურნირი ზრდიდა ინტერესს სპორტის მიმართ და ხელს უწყობდა მასობრივი სპორტის განვითარებას.

    თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონატის ფენომენი გასცდა ვიწრო სპორტულ საზღვრებს და კომპლექსურ სოციო-კულტურულ მოვლენად გარდაიქმნა. იგი წარმოადგენს მძლავრ ეკონომიკურ კატალიზატორს მასპინძელი ქვეყნებისთვის, რაც გამოიხატება მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვასა და ურბანული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში. მედია ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიო ჩემპიონატების ტრანსლაციები მილიარდობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომ მედია ფენომენად აქცია, რაც სპონსორებისთვის უნიკალურ საკომუნიკაციო პლატფორმას ქმნის. ამავდროულად, სახელმწიფოები „რბილი ძალის“ (Soft Power) მეშვეობით ცდილობენ საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო ასპარეზზე.

    დღეს მსოფლიო ჩემპიონატები მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდიან, ჩნდება ახალი დისციპლინები და მკვეთრად იზრდება ქალთა სპორტის წონა და მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატები რჩება იმ უმთავრეს საყრდენად, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანი წესების, ჯანსაღი კონკურენციისა და ადამიანური შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის იდეალების გარშემო.

    გურამ ძაგანია
    პროფესორი
  • საქართველოს სპორტული ტრიუმფი და ჩემპიონთა ეპოქა

    საქართველოს სპორტული ტრიუმფი და ჩემპიონთა ეპოქა

    ვაცილებთ 2025 წელს, წელიწადს, რომელმაც გამორჩეული შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სპორტში. სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეჯიბრებებზე მოპოვებული 1935 მედალი მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. აღნიშნულ წარმატებაში თანაბრად არიან ჩართული როგორც ოლიმპიური, ისე არაოლიმპიური სპორტის სახეობების წარმომადგენლები, რაც ქვეყნის სპორტული სისტემის მრავალმხრივ განვითარებაზე მიუთითებს.

    2025 წელი არ წარმოადგენდა მხოლოდ გამარჯვებებით დატვირთულ კალენდარულ მონაკვეთს; ეს იყო ეტაპი, როდესაც საქართველომ მკაფიოდ წარმოაჩინა საკუთარი პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა, რითაც საერთაშორისო სპორტულ სივრცეში თავისი ადგილი კიდევ უფრო განამტკიცა. მიღწეულმა შედეგებმა ქვეყანას მსოფლიო სპორტის რუკაზე სტაბილური და აღიარებული პოზიცია შეუქმნა.

    1935 მედალი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის, ეს არის ქვეყნის ენერგიის, ნიჭის, მიზანმიმართული მუშაობისა და სწორი სტრატეგიის შედეგი. ეს ნიშნავს 1935-ჯერ აჟღერებულ ჰიმნს და ამაყად აღმართულ ეროვნულ დროშას. ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველო მსოფლიო დონის სპორტულ ცენტრად ყალიბდება.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭაბუკებისა და იუნიორების მიერ მოპოვებული მედლების მაღალი წილი, რაც მიანიშნებს სპორტული რეზერვების სისტემურ და მდგრად განვითარებაზე. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ 2025 წლის წარმატებები შემთხვევით ხასიათს არ ატარებს და ქვეყანას გააჩნია ძლიერი სპორტული „სამჭედლო“, რომელიც მომავალშიც უზრუნველყოფს მაღალი შედეგების მიღწევას.

    არანაკლებ საყურადღებოა პარასპორტსმენების მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ინკლუზიური სპორტის განვითარების პროცესს და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას. ეს ტენდენცია თანამედროვე სპორტული პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს და ქვეყნის სოციალურ პასუხისმგებლობასაც მკაფიოდ წარმოაჩენს.

    აღნიშნული მიღწევები ორგანულად უკავშირდება საქართველოს, როგორც „მცირე, თუმცა ძლიერი ერის“ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც თითოეული მედალი ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისა და კოლექტიური სიამაყის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. საზოგადოებრივად პოლარიზებულ გარემოში სპორტულმა წარმატებებმა შეასრულა იშვიათი გამაერთიანებელი ფუნქცია და შექმნა სივრცე, სადაც საზოგადოება საერთო სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანდა.

    მედლების ასეთი მასშტაბური რაოდენობა პირდაპირ კავშირშია სპორტის სფეროში გაზრდილ სახელმწიფო დაფინანსებასთან, კერძო სექტორისა და სპონსორების მზარდ ინტერესთან, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში განხორციელებულ მიზნობრივ ინვესტიციებთან. აღნიშნულმა ფაქტორებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა სპორტის ინსტიტუციური საფუძვლები და ხელი შეუწყო მაღალი კონკურენტუნარიანობის მიღწევას საერთაშორისო დონეზე.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპოვებული მედლების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონებში აღზრდილ სპორტსმენებზე მოდის. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ სპორტული ნიჭი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა თანაბრად განაწილებული და მისი რეალიზებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ ეფექტიანი მხარდაჭერის მექანიზმები, ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობა და კვალიფიციური საკადრო რესურსი წარმოადგენს.

    თუ წარსულში საქართველო საერთაშორისო სივრცეში ძირითადად „ჭიდაობის ქვეყანად“ აღიქმებოდა, 2025 წლის შედეგებმა ეს სტერეოტიპი არსებითად გადააფასა. აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ძიუდოს შერეული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობამ, ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის, წყალბურთისა და რაგბის ეროვნული ნაკრებების სტაბილურმა წინსვლამ მსოფლიო ელიტაში. ამავდროულად, განსაკუთრებული წარმატებები დაფიქსირდა ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში, მათ შორის ჭიდაობაში, ძიუდოში, ფარიკაობაში, ძალოსნობაში, სამბოში, მკლავჭიდში და სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში.

    ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში მოპოვებულმა ტიტულებმა, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის მსოფლიო ჩემპიონობამ UFC-ში, სანდრო ბაზაძის, ეთერ ლიპარტელიანის, 18 წლის ვახტანგ ლოლუას და პარაძიუდოისტ გიორგი ქალდანის მსოფლიო ჩემპიონობამ საქართველო საბოლოოდ დაამკვიდრა, როგორც მაღალი სპორტული მიღწევების მქონე „ჩემპიონების ქვეყანა“.

    თანამედროვე ეტაპზე საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც „ღვინის სამშობლო“; ის სულ უფრო მეტად იძენს აქტიური, ძლიერი და წარმატებაზე ორიენტირებული ერის იმიჯს, რომლის ერთ-ერთ მთავარ იდენტიფიკაციურ ნიშნად სპორტული მიღწევები ყალიბდება.

    ზემოაღნიშნული ტენდენციები საფუძვლიან ოპტიმიზმს გვაძლევს, რომ 2026 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ამ კონტექსტში, გულითადად ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, საქართველოს სპორტის სამინისტროს, სპორტის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, თითოეულ სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმსა და სპორტულ ფსიქოლოგს დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ წარმატებას როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში და საქართველოს სპორტის შემდგომ აღმავლობას.

    პატივისცემით,
    გურამ ძაგანია

  • სპორტი და პოლიტიკა – გურამ ძაგანია

    სპორტი და პოლიტიკა – გურამ ძაგანია

    სპორტი და პოლიტიკა: ისტორიული და თანამედროვე ურთიერთქმედება

    თანამედროვე საზოგადოებაში სპორტი ხშირად აღიქმება როგორც აპოლიტიკური და უნივერსალური ფენომენი, რომელიც ადამიანებს საერთო ღირებულებების გარშემო აერთიანებს. თუმცა ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული სფეროებია. სახელმწიფოთა ინტერესები, იდეოლოგიური მიზნები და საერთაშორისო ურთიერთობები რეგულარულად აისახება სპორტულ სივრცეში, რის შედეგადაც სპორტი ხშირად იქცევა პოლიტიკური გავლენისა და დიპლომატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.

    სპორტისა და პოლიტიკის ურთიერთქმედება ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იკვეთებოდა. ძველ საბერძნეთში მოქმედებდა „ეკეხერია“ – ოლიმპიური ზავი, რომლის დროსაც ომები დროებით წყდებოდა, რათა ათლეტებს უსაფრთხოდ მიეღოთ მონაწილეობა თამაშებში. თუმცა თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკურმა კონფლიქტებმა არაერთხელ გადაფარა სპორტული იდეალები: 1916, 1940 და 1944 წლების ოლიმპიური თამაშები მსოფლიო ომების გამო გაუქმდა.

    მე-20 საუკუნეში სპორტული მიღწევები სახელმწიფოთა „რბილი ძალის“ მნიშვნელოვან კომპონენტად ჩამოყალიბდა.

    ავტორიტარული რეჟიმები სპორტს ხშირად იყენებდნენ შიდაპოლიტიკური ლეგიტიმაციისა და პროპაგანდის მიზნით. ამის თვალსაჩინო მაგალითია 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, როდესაც იტალიის ფაშისტურმა რეჟიმმა სპორტული წარმატება პოლიტიკური უპირატესობის დასამტკიცებლად გამოიყენა. ანალოგიური მიზანი ჰქონდა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადას, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ არიული რასის უპირატესობის საჩვენებლად წარმოაჩინა, თუმცა ამერიკელი ათლეტის, ჯესი ოუენსის გამარჯვებებმა ეს ნარატივი მნიშვნელოვნად შეარყია.

    ცივი ომის პერიოდში (1950–1980-იანი წლები) საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბლოკებს შორის იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ასპარეზად იქცა. მედლების რაოდენობა ხშირად პოლიტიკური სისტემის ეფექტიანობის სიმბოლოდ განიხილებოდა. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, უნგრეთის აჯანყების ჩახშობიდან მალევე, წყალბურთის მატჩი სსრკ-სა და უნგრეთს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ხოლო უნგრეთის გამარჯვება ეროვნული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

    სპორტში პოლიტიკის ყველაზე მკვეთრი გამოვლინება ბოიკოტებია. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი, რომელიც აშშ-ის ინიციატივით საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრას მოჰყვა, და 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის საპასუხო ბოიკოტი ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება სპორტი პოლიტიკური რევანშის ინსტრუმენტად იქცეს. ამავე კონტექსტში აღსანიშნავია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელმაც 1964–1992 წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აპარტეიდის პოლიტიკის გამო ოლიმპიურ მოძრაობას ჩამოაშორა, რაც საერთაშორისო ზეწოლის ეფექტიან მაგალითად მიიჩნევა.

    მიუხედავად მწვავე დაპირისპირებებისა, სპორტს კონფლიქტების განმუხტვის პოტენციალიც აქვს. ამის კლასიკური მაგალითია „პინგ-პონგის დიპლომატია“ (1971), რომელმაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დათბობას შეუწყო ხელი. ანალოგიური როლი ითამაშა კრიკეტმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, სადაც სპორტული შეხვედრები ხშირად პოლიტიკური დიალოგის არაოფიციალურ პლატფორმად იქცა.

    თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით გააქტიურდა სპორტული სანქციების გამოყენება. 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები გეოპოლიტიკურ კონფლიქტებზე რეაგირებისას სულ უფრო მეტად იძენენ პოლიტიკური აქტორების ფუნქციას.

    პოლიტიკა სპორტში ვლინდება არა მხოლოდ სახელმწიფოთა დონეზე, არამედ ინდივიდუალური სპორტსმენების პროტესტის სახითაც. სპორტი იქცა სოციალური პროტესტის გლობალურ ტრიბუნად. 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე ტომი სმიტისა და ჯონ კარლოსის ჟესტი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ისევე როგორც მოჰამედ ალის უარი ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე, სპორტსმენის პოლიტიკური პოზიციის სიმბოლურ ძალას წარმოაჩენს.

    ადამიანის უფლებების კუთხით, საინტერესოა ე.წ. „ლურჯი გოგონას“ ტრაგედია და შემდგომი ცვლილებები. ირანში ქალებს ათწლეულების განმავლობაში ეკრძალებოდათ ფეხბურთის სტადიონებზე შესვლა. 2019 წელს, გოგონამ, სახელად საჰარ ხოდაიარიმ (ცნობილი როგორც „ლურჯი გოგონა“), თავი დაიწვა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სტადიონზე მამაკაცის ტანსაცმლით შეპარვის მცდელობისთვის ციხე ემუქრებოდა. საერთაშორისო ზეწოლის (FIFA-ს მხრიდან) შედეგად, ირანის ხელისუფლება იძულებული გახდა გარკვეულ მატჩებზე ქალები დაეშვა.

    ამასთან, ნავთობით მდიდარი ქვეყნების მიერ სპორტული მეგა-ღონისძიებების მასპინძლობა სულ უფრო ხშირად განიხილება როგორც რეპუტაციის გაუმჯობესების მცდელობა ადამიანის უფლებების დარღვევების ფონზე.

    შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სპორტი და პოლიტიკა განუყოფელი ფენომენებია. სანამ საერთაშორისო სისტემა ეფუძნება ეროვნულ ინტერესებსა და ძალაუფლების კონკურენციას, სპორტი შეინარჩუნებს ორმაგ ბუნებას: ის დარჩება მშვიდობისა და ერთობის სიმბოლოდ, თუმცა პარალელურად იმოქმედებს როგორც დიპლომატიური ზეწოლის, პროპაგანდისა და გეოპოლიტიკური სტრატეგიის ეფექტიანი ინსტრუმენტი.

    გურამ ძაგანია,
    პროფესორი
  • მერი არაბიძის მორიგი გამარჯვება

    მერი არაბიძის მორიგი გამარჯვება

    ესპანეთის ლინარესში გამართულ ქალთა მსოფლიო გუნდური ჭადრაკის ჩემპიონატის დახურვაზე, საქართველოს ნაკრების მეოთხე დაფაზე მოასპარეზე, ღირსეული წარმომადგენელი და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი — მერი არაბიძე, ოქროს მედლით დაჯილდოვდა!

    მერის ანგარიშზეა 7 შესაძლო ქულიდან 5 — საუკეთესო შედეგი მეოთხე დაფაზე და დამსახურებული მცირე ოქროს მედალი!