საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავტორის გზამკვლევი

ნაშრომის ორიგინალურობა


საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინოვაციები სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვაში“, ემყარება თანამედროვე აკადემიური პუბლიკაციის სტანდარტებს და მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის, ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას. ჟურნალი ემსახურება მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის შექმნას და გავრცელებას სპორტის მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინაში, როგორიცაა სპორტის ბიომექანიკა და ფიზიოლოგია, სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია, ფსიქოლოგია, ფიზიკური აღზრდა, სპორტის პედაგოგიკა, სპორტის მენეჯმენტი და პოლიტიკა, ჯანდაცვის მეცნიერება სპორტის კონტექსტში და სხვა დაკავშირებული ინტერდისციპლინარული კვლევები.

გამოცემაში დაიშვება მხოლოდ იმ ნაშრომის გამოქვეყნება, რომელიც ასახავს დამოუკიდებლად ჩატარებული ორიგინალური კვლევის შედეგებს. ჩვენ ვემიჯნებით ზედაპირულ ან განმეორებით კვლევებს, რომლებიც არ ქმნის ახალ ცოდნას ან არ ემყარება მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კვლევით საკითხებს. სტატიები უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მეთოდოლოგიას, მკაფიო მონაცემთა ანალიზსა და გამჭვირვალე ინტერპრეტაციას.

ჟურნალი აფასებს სამეცნიერო ეთიკის მაღალ სტანდარტებს – ნაშრომი უნდა იყოს თავისუფალი პლაგიატისა და დუბლიკატისგან. ყველა სტატია გაივლის ორმაგ ფარულ რეცენზირებას, რათა ავტორებისა და რეცენზენტების მიუკერძოებლობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ მიდგომით, ჟურნალი ქმნის სანდო აკადემიურ პლატფორმას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის მოთხოვნებს და მხარს უჭერს ახალი თაობის მკვლევრების პროფესიულ განვითარებას.

ვინ შეიძლება იყოს ავტორი? თანაავტორი


ჟურნალი ღიაა მაგისტრანტებისთვის (სამეცნიერო ხელმძღვანელთან თანაავტორობით), დოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა და გამოცდილი მკვლევრებისთვის. სტატიები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით. აუცილებელია თითოეული თანაავტორის საკონტაქტო მონაცემებისა და აფილაციის წარდგენა რედაქციისთვის. სტატიის თანაავტორობა თითოეულმა თანაავტორმა უნდა დაადასტუროს ჟურნალის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე. აღნიშნული დადასტურების გარეშე სტატიის გამოქვეყნების თხოვნა არ განიხილება.

ავტორი ვალდებულია მიუთითოს, თუ რომელი თანაავტორი რომელი კონკრეტული კომპონენტის/ნაწილის პასუხისმგებელია ნაშრომში. თანაავტორობით მომზადებული ნაშრომის შემთხვევაში აუცილებელია, რომ კვლევის ნაწილები იყოს კონცეპტუალურად და სტრუქტურულად შერწყმული, რათა არ შეილახოს სტატის შინაარსობრივი მთლიანობა და ერთიანი სტილი.

ავტორებს შესაძლოა ჰყავდეთ დამხმარე პირები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ნაშრომის არამეცნიერულ კომპონენტებში (მაგალითად: ტექნიკური მხარდაჭერა, მონაცემთა შეგროვება, ტექსტზე მუშაობის ასისტირება, ენობრივი რედაქტირება და გადახედვა და ა.შ.). ასეთ შემთხვევებში აღნიშნული პირები უნდა მოიხსენიონ როგორც დამხმარეები და არა როგორც თანაავტორები.

ნაშრომის წარდგენის ეთიკა


ნაშრომი უნდა გამოირჩეოდეს მკაფიო სტრუქტურით, პრობლემის ლოგიკური ანალიზით, არგუმენტირებული დასკვნებითა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით. გამოყენებული წყაროები უნდა იყოს თანამედროვე, ავტორიტეტული და თემატურად მრავალფეროვანი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართულ და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე ხელმისაწვდომ ლიტერატურას.

ტექსტი უნდა გადმოსცემდეს იდეებს მარტივი, მკაფიო და აკადემიურად ზუსტი ენით. მოერიდეთ პროფესიულ ჟარგონს და ზედმეტად რთულ ტერმინოლოგიას. შემოკლებების საჭიროების შემთხვევაში, პირველად მათი სრული ფორმა უნდა მიეთითოს. ტექსტში შემოკლებების (აბრევიატურების) გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია მათი სრული ფორმის მითითება პირველად მოხსენიებისას, შემდგომ კი მხოლოდ შემოკლებული ვერსიის გამოყენება.

მაგ: „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ასახელებს…“
შემდგომში: „WHO ასევე აღნიშნავს, რომ…“

არ არის დასაშვები ერთი კვლევის დაყოფა რამდენიმე ნაწარმოებად მხოლოდ პუბლიკაციის რაოდენობის გაზრდის მიზნით – თითოეული ნაშრომი უნდა იყოს თემატურად და სტრუქტურულად დამოუკიდებელი. ყველა წარდგენილი კვლევა უნდა შეესაბამებოდეს სამეცნიერო კეთილსინდისიერების პრინციპებს ჟურნალის ეთიკის კოდექსს რაც გულისხმობს – წყაროთა სწორ ციტირებას, პლაგიატისა და მონაცემების მანიპულაციის გამორიცხვას.