საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Day: October 16, 2025

  • განათლების საერთაშორისო გამოფენა

    განათლების საერთაშორისო გამოფენა

    განათლების საერთაშორისო გამოფენა – 26 ოქტომბერი, Holiday Inn Tbilisi

    მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, თბილისში,
    სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (26 მაისის მოედანი #1).

    გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით,
    საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით
    და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.
    გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები
    და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ პირებს შეთავაზებენ
    სტიპენდიებს და სასწავლო პროგრამებს — როგორც გრძელვადიანს, ასევე მოკლევადიანს.

    გამოფენაზე გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა პირისპირ გაესაუბროთ
    საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
    და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

    📌 გამოფენაზე დასწრება უფასოა!

    გამოფენაზე დასასწრებად მნიშვნელოვანია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:

    👉 რეგისტრაციის ფორმა

    განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია
    Edu-Guide.Ge
    (www.edu-guide.ge).

    📅 ჩატარების თარიღი და დრო:

    2025 წლის 26 ოქტომბერი | 12:00-დან 17:00-მდე

    Facebook ღონისძიება იხილეთ აქ:

    Facebook Event Link

  • ამირან შეროზიას 80 წლის იუბილე

    ამირან შეროზიას 80 წლის იუბილე

    ძვირფასო ბატონო ამირან,

    გულითადად გილოცავთ თქვენს დიდ იუბილეს – 80 წლისთავს!

    თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა სამაგალითო და საქართველოს სპორტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

    როგორც საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, თქვენ უდიდესი წვლილი შეიტანეთ ქართული თანამედროვე ხუთჭიდის განვითარებაში. თქვენი პედაგოგიური საქმიანობა 1972 წელს დაიწყო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სადაც დღემდე წარმატებით აგრძელებთ მოღვაწეობას.

    1984 წელს წარმატებით დაცული საკანდიდატო დისერტაცია ნათლად მოწმობს, რომ თქვენ პროფესიონალურად შეუსაბამეთ სამწვრთნელო პრაქტიკა სამეცნიერო კვლევას და ამით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეთ თქვენი ერთგულება ცოდნისა და ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმისადმი.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მრავალწლიანი მოღვაწეობა – 1978 წლიდან 2016 წლამდე – საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის ნაკრების მთავარ მწვრთნელად. 38 წელი ეროვნული ნაკრების სათავეში ყოფნა იშვიათი შემთხვევაა და სწორედ ამ დაუღალავი შრომით მოიპოვეთ ქართული სპორტისთვის არაერთი დიდებული გამარჯვება:

    • 1981 წელი: საქართველოს ნაკრები გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი როგორც პირად, ისე გუნდურ ჩათვლაში;
    • 1982 წელი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასზე მეორე ადგილი დაიკავა;
    • 1984 წელი: ნაკრების ლიდერი იგორ ბრიზგალოვი გახდა ევროპის თასის მფლობელი;
    • 1988 წელი: ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი რევაზ ლოხიშვილი გახდა ახალგაზრდთა მსოფლიოს ჩემპიონი;
    • თქვენი აღზრდილია ვახტანგ იაგორაშვილი – მრავალგზის ევროპის ჩემპიონი და 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

    ეს წარმატებები თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის უტყუარი დასტურია.

    გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დღეგრძელობას და მრავალ ბედნიერ წელს – თქვენი ოჯახის, მეგობრებისა და მადლიერი აღზრდილების სიყვარულით გარემოცულს.

    საუკეთესო სურვილებით,

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის!

    ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის!

    გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადდა კონკურსი მობილობისათვის

    კონკურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ERASMUS-ის სტიპენდიასა და მგზავრობის დაფინანსებას.

    მობილობა ცხადდება შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში:

    • ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა) – 2 ადგილი (ბაკალავრი და მაგისტრი)
    • ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სპორტის აკადემია (სოფია, ბულგარეთი) – 4 ადგილი (ბაკალავრი და მაგისტრი)

    კონკურსში მონაწილეობის პირობები:

    • სპორტის უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი;
    • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
    • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 2.5).

    კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა, რომელიც მოიცავს 3 საფეხურს:

    1. დოკუმენტაციის წარმოდგენა:

      • CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
      • ნიშნების ამონაწერი;
      • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
    2. ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენის B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს);
    3. გასაუბრება ინგლისურ ენაზე.

    დამატებითი გრანტის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში:

    ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი სთავაზობს დამატებით გრანტს სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს
    (ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტთა ჯგუფები):

    • სტუდენტები, რომლებიც იღებენ სოციალური დახმარებას (საჭიროა ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ);
    • სტუდენტები, რომელთა შრომისუნარიანობის დონე შეადგენს 45%-ს ან ნაკლებს (საჭიროა: შშმ პირის მოწმობა ან სამედიცინო დაწესებულების ცნობა);
    • 25 წლის ან უფროსი ასაკის სტუდენტები, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევამდე იმყოფებოდნენ მეურვეობის ქვეშ, ან რომელთა მშობლები (ან ერთ-ერთი მშობელი) გარდაცვლილია (საჭიროა: შესაბამისი დოკუმენტაცია);
    • სტუდენტები, რომლებიც არიან მცირეწლოვანი შვილ(ებ)ის (7 წლამდე) ან შშმ შვილ(ებ)ის (14 წლამდე) მშობლები/მეურვეები (საჭიროა: დაბადების მოწმობა, შშმ პირის მოწმობა);
    • იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც განიცადეს პოლიტიკური რეპრესიები (საჭიროა: თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა);
    • სტუდენტები ჯანმრთელობის პრობლემებით (საჭიროა: ოფიციალური სამედიცინო ცნობა).

    ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

    განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
    erasmus@sportuni.ge